"საქართველომ იცის რატომ...არა პუტინს! კი ევროპას!" | საერთაშორისო გამოხმაურებები ევროპულ მარშზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადტი 28 აპრილს თბილისში გამართულ ევროპული მარშის ვიდეოს X-ზე აზიარებს და წერს:

"საქართველომ იცის რატომ...არა პუტინს! კი ევროპას!"

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ვიდეოს აზიარებს შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტიც:

"საპროტესტო აქციები თბილისში რუსეთის მიერ შთაგონებული ე.წ. უცხო აგენტების კანონის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ ნელდება," - წერს ბილდტი.

მასშტაბურ აქციას ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერიც:

"თუ ვივარაუდებთ, რომ ივანიშვილი და კობახიძე უცხოელი აგენტების შესახებ კანონს პარლამენტში გაიტანენ, პრეზიდენტმა უარი უნდა თქვას მასზე ხელმოწერაზე. სამოქალაქო საზოგადოებამ კი უნდა შექმნას მოძრაობა სანდო პირებით, რათა დაუპირისპირდეს რუსულ ოცნებას არჩევნებში."

იტალიელი პოლიტიკოსი ენრიკო ბორგი:

"მოდით დავფიქრდეთ რა ხდება თბილისში. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა. ამ ქუჩებში ფრიალებს ევროპული დროშა, რომელიც წარმოადგენს ამ ღირებულებებს. ჩვენ ვართ იმ მამაც ქართველ ხალხთან, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, უფრო ახლოს ევროპასთან და შორს რუსეთის ჩარევისა და იმპერიალიზმისგან. მათი მონდომება და გამძლეობა მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის."

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი:

"თბილისი, საქართველო. ეს არ არის მხოლოდ პრორუსული "უცხოელი აგენტების" კანონის პროტესტი. ეს არის ხალხის ხმა და ნება, რომ თავიანთი ქვეყანა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული იყოს. და არა რუსეთის თანამგზავრი."

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც და წერს: Let`s go, Georgia, ასევე  აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

ევროპის სახალხო პარტია კი წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

"კანონი დაუწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებას და ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას," - ვკითხულობთ X-ზე.

პოლიტიკური მიმომხილველის, დენიელ ჰამილტონის შეფასებით, ერთჯერადი დემონსტრაცია საკმარისი არ იქნება ივანიშვილის ძლევამოსილი, ავტორიტარული და პრორუსული ძალების იძულებისთვის. მისი თქმით, მათი კურსის ცვლილებას პერმანენტული ძალისხმევა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში გაიმართა. მასშტაბური აქციის მონაწილეები ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც გვიან ღამით სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. იმის მიუხედავად რომ აქცია სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, პარლამენტთან გამოჩნდა სპეცრაზმი. სახელმწიფომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი. მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანებიც. პოლიცია "ოცნების" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას ევროპული მარშის მონაწილეებისგან იცავდა და აქციის წევრებს არ აძლევდა საშუალებას, რომ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ასულიყვნენ.

აქციაზე "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი