სპეცრაზმელი უყვიროდა რას გვიბედავო და გამეტებით სცემდა, ცოტა ხანში მთელი ავტობუსი დაიცალა, რომ გასწორებოდნენ | თვითმხილველი ლეონიძეზე მოქალაქის ცემაზე

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა მოქალაქე ირაკლი წიგნაძეს სცემეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიჭს თავში ურტყამდნენ მუშტებს, შემდეგ ფეხიც დაარტყეს. კაცი ცოლთან ერთად იმყოფებოდა.

ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი, ლექსო სამხარაძე, "მთავართან" შემთხვევის დეტალებს იხსენებს:

"როდესაც სახლში მივდიოდი შევამჩნიე, რომ სპეცრაზმის ავტობუსი იყო გაჩერებული ლეონიძის ქუჩაზე საწინააღმდეგო მიმართულებით. მის წინ იყო სამოქალაქო მანქანა გაჩერებული და ყურადღება მიიქცია იმან, რომ პოლიციელები ყვიროდნენ, დროზე ბიჭო გაწიე მანქანა და ასეთი საკმაოდ აგრესიული ფორმით. ჩავრთე კამერა, მივუახლოვდი. ამაზე ერთ-ერთმა ავტობუსის მძღოლმა პოლიციელმა დამიწყო ყვირილი, რომ კამერა შეინახე, მობილური ჩაწიე, რაზეც პასუხი გავეცი, რომ საჯარო სივრცეში მაქვს გადაღების უფლება. ამაზე მოვიდა ერთ-ერთი სპეცრაზმის მეთაური, რომელიც შემდგომში უკვე ცემს მოქალაქეს. ზუსტად რამოდენიმე წამში სწორედ ეგ პოლიციელი უყვიროდა, რას გვიბედავო იმ მოქალაქეს და გამეტებით სცემდა. ამის შემყურე სხვა პოლიციელებმაც დაუწყეს ცემა და ნუ, მოკლედ, ცოტა ხანში მთელი სპეცრაზმის ავტობუსი დაიცალა, რომ გასწორებოდნენ ამ ახალგაზრდას," - ამბობს სამხარაძე.

ამავე ტერიტორიაზე ღამით პოლიციამ მოულოდნელად ანტირუსული აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში სპეცრაზმიც მონაწილეობდა. 

ცნობისთვის, ლეონიძის ქუჩაძე, სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. შსს კი ამტკიცებს, რომ მანქანის მძღოლი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნასვამ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცავებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი